„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მმართველ პარტიას კოვიდპანდემიისა და სპეციალური კოვიდსიების საარჩევნო კარუსელისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.
„ბათუმის 45-ე, 84-ე, 71-ე და 98-ე უბნებში ხმა მისცეს იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც სპეციალურ სიაში არიან შესული. ერთ-ერთი ასეთი ამომრჩეველი 45-ე უბანზე ირინა გორგაძე გახლდათ.
„ქართული ოცნება“ რას აკეთებს? ადამიანები, რომლებიც იციან, რომ ოცნების მომხრეები არიან, უფლებას აძლევენ, რომ ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცენ და საარჩევნო უბანზეც გამოცხადდნენ.
ამასთან, ერთ-ერთ ამომრჩეველს, მალხაზ ხოზრევანიძეს მე-17 უბიდან მოწვევა მოუვიდა და ეცნობა, რომ ხმა უბანზე უნდა მისცეს.
აქ აღსანიშნავია, რომ იგი არასდროს თვითიზოლაციასა და კარანტინში არ ყოფილა. უბანში მისულს გამოუცხადეს, რომ კოვიდ ინფიცირებულია და ხმას ვერ მისცემდა. მიგვაჩნია, რომ რადგან იგი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არ არის, მიზანმიმართულად შეაფერხეს. მასთან სპეციალური გადასატანი ყუთიც არ მიუტანიათ და მოქალაქემ ვერ დააფიქსირა ხმა“, – განაცხადა „ენმ-ის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მე-17 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე განმარტავს, რომ აღნიშნული მოქალაქე სპეცსიაშია და მას საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უფლებას ვერ მისცემდნენ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: ნაირა ქობულაძე











