„მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა”, – ასე შეაფასა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები.
“მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს, არც ერთ ეკლესიას. ეს არის გაუგონარი თავხედობა და ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ საქართველოს მოქალაქეს, უნდა ეხებოდეს ეს. ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდის“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მარტვილისა და ჭყონდიდის მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. შეხლა – შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.
მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა რაც ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობს. 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.










