„ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას. რაღა თქმა უნდა, ხმა მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბანთან განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი. გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოქალაქეებს. ძალიან ბევრი ხალხია საარჩევნო უბნებთან. ოჯახთან, მეუღლესთან, ბავშვებთან ერთად მოვედი. ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას. რაღა თქმა უნდა, ხმა მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა. ხმა მივეცი იმას, რომ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში.
ყველას ვთხოვთ, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან თქვენს ხელშია საქართველოს მომავლის გასაღები. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი დღე. ეს დღე განსაზღვრავს ქვეყნის შემდგომ ათწლეულებს, როგორ განვითარდება ქვეყანა, როგორ წავალთ წინ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ სამოქალქო ვალდებულებას და უფლებას. მომავალი, აღმშენებლობა აუცილებლად გაიმარჯვებს, ყველა ერთად გაიმარჯვებს. ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მიეცით ხმა, ოღონდ მოდით არჩევნებზე, ოღონდ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.










