WHO მიესალმება ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველად შედეგებს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი „დექსამეტაზონი“ ეფექტურია. ამის შესახებ WHO-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს პირველი პრეპარატია, რომელმაც სიკვდილიანობის შემცირება გვაჩვენა COVID-19-ით დაავადებულ იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ.
ეს მშვენიერი ამბავია. მე ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და ბრიტანეთში ექიმებსა და პაციენტებს, რომლებმაც ამ გადამრჩენელ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს“, – ნათქვამია WHO-ს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომა გებრეიესუსის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგები, რომელთა მიხედვითაც დექსამეტაზონმა ახალი კორონავირუსის მძიმე ფორმების მქონე ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა. ჟანგბადდამოკიდებულებში კი ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.











