ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ესპანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საყოველთაო პროგრამას იანვარში დაიწყებს. მისი თქმით, ხელისუფლება ელოდება, რომ ექვს თვეში ვაქცინაციის პროგრამა მოსახლეობის არსებით ნაწილს დაფარავს.
ინფორმაციას france24-ი ავრცელებს.
როგორც პედრო სანჩესმა აღნიშნა, ესპანეთი და გერმანია პირველი ევროპული ქვეყნებია, რომლებსაც ვაქცინაციის სრული გეგმა მზად აქვთ.
„იქნება ვაქცინაციის 13 000 პუნქტი“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
პედრო სანჩესის თქმით, ვაქცინაცია თავდაპირველად პრიორიტეტულ ჯგუფებს ჩაუტარდებათ. გეგმა მინისტრთა კაბინეტს 24 ნოემბერს წარედგინება.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ ვაქცინის შესაძენად თანხა უკვე გამოყო და 2021 წლის დასაწყისში ისინი კომპანია Pfizer-ის ვაქცინის 20 მილიონ დოზას შეიძენენ.











