„ევროპელი სოციალისტები“ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მოთხოვნაზე აშკარად სწრაფი რეაგირება მოხდა. ერთი დღეც კი არ დასჭირდა ხელისუფლებას, რომ ახალი კანდიდატურა წარმოედგინა, მე ამით კმაყოფილი ვარ. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ჩვენ ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს. ყველა პრემიერ-მინისტრის წასვლა რატომღაც განიხილებოდა უკვე ყოფილი პრემიერის მიერ ჩადენილი ქმედებების განკიცხვის დღედ. ასეთი ნამდვილად არ იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ამიტომ თუ ჩვენ შევაფასებთ მის მოღვაწეობას 2012 წლის შემდეგ, მეორე, ის ახალგაზრდა კაცი და ენერგიული ადამიანია, პლუს, მას ძალიან დიდი დრო ჰქონდა, კიდევ ერთხელ გადაეფასებინა თავისი შესაძლო ქმედებები იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო მეტად წაადგება, ამ სიტუაციაში, ეს იქნებოდა საუკეთესო არჩევანი. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ სწორედ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს დავუჭერთ“, – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.
დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ ყველა სხვა პრემიერთან შედარებით, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მთავრობის მეთაურის საქმიანობასთან დაკავშირებით ნაკლები კრიტიკა ჰქონდათ.
„ჩათვალეთ, რომ ეს პრეცედენტია (ოპოზიციის მიერ მთავრობისთვის მხარის დაჭერა). ჩვენ ძალიან კონსტრუქციული ოპოზიცია ვართ და მხარს დავუჭერთ ირაკლი ღარიბაშვილს იმიტომ, რომ მისი პრემიერ-მინისტრად ყოფნის პერიოდში, ყველა დანარჩენ შემთხვევასთან შედარებით, ყველაზე ნაკლები კრიტიკა გვქონდა. ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ. ირაკლი ღარიბაშვილმა იმ პერიოდშივე დაიწყო რეფორმირება. მისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა ძალიან ბევრი საწყისი. არ დაგავიწყდეთ, რა პერიოდია, როდესაც ყველამ ერთად ტირანია დავამთავრეთ და ამ კუთხით თანამებრძოლებიც კი ვიყავით. პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ მან დაიწყო. მის პერიოდშივე დაიწყო ის წარმატებული პროექტები, რომლებიც აღიარა სრულიად ევროპამ. მათ შორის მაგალითად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტი. ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო ამის აქტივაცია, რათა საქართველოს მიეღო სტატუსი, რომელიც ჩვენ ახლა ევროპასთან გვაქვს. ქვეყნის ტრანსფორმაცია ციფრულ მაუწყებლობაზე ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო, რომ ჩვენ ევროკავშირის ასოცირებული წევრი გავმხდარიყავით. მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალაა, ჩვენ მათ აღვიქვამთ როგორც ჩვენს გენოფონდს. არაფრით შეიძლება, განსხვავებული აზრი იდევნებოდეს. ირაკლი ღარიბაშვილის წარსულ ქმედებებში ვერ დავინახე, რომ ის არ არის ხალხისადმი კეთილგანწყობილი, თუნდაც განსხვავებული აზრისადმი. ის მართლა კრიტიკულია, პირველ რიგში თავის გუნდთან იყო კრიტიკული და ქვეყნის მტრებთან. მოდით, რაღაცებს სახელები დავარქვათ. ადამიანი, რომელიც არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, უცხო ქვეყნიდან თუ აქ მართავს უმართავ პროცესს, ეს უკვე დანაშაულია. სხვა ქვეყნიდან არეულობის მართვის დამთავრებას თუ გულისხმობს, ეს კარგი იქნება“, – განცხადა დავით ზილფიმიანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.











