„ევროპული საქართველო“ დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არ დაასახელებს. ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი მათთვის მეორეხარისხოვანია.
„ევროპული საქართველოსთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ არჩევნებზე დამარცხდეს „ქართული ოცნება“ და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები. ჩვენ აბსოლუტურად მეორეხარისხოვნად მიგვაჩნია ისეთი საკითხები, როგორიცაა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და აქედან გამომდინარე, არ ვასახელებთ პრემიერობის კანდიდატს. მეორეხარისხოვნად მიგვაჩნია სიის ათეული და ამიტომ ჩვენთან სია იქნება პირობითი. ეს ნიშნავს იმას, რომ სიაში გვარები არის პირობითად განაწილებული.
კონკრეტული ადამიანი იმის მიხედვით მოხვდება პარლამენტში, თუ რა შედეგს დადებს იმ ოლქში, რომელშიც არის მიმაგრებული. ეს არის შიდა კონკურენცია, ეს არის დემოკრატიული გზა, თუ როგორ უნდა განისაზღვროს სია“, – განაცხადა კაპანაძემ.











