„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი აკაკი ბობოხიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობისთვის წყალტუბოს, ხონის, სამტრედიისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში იბრძოლებს. ამის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
როგორც ბობოხიძემ სააგენტოსთან განაცხადა, მაჟორიტარულის გარდა, ის „ევროპული საქართველოს“ პროპორციულ სიაშიც იქნება.
„ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებ. როგორ გავხდები დეპუტატი, ეს დამოკიდებულია ამომრჩეველზე, მაგრამ ვაპირებ ვიყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც და ბუნებრივია, რომ ვიქნები პარტიულ სიაში. ჩემ კანდიდატურას პარტია განიხილავს წყალტუბო, ხონი, სამტრედია, ვანის ოლქში. ეს ამბავი გადაწყვეტილია, თუ რაიმე არ შეიცვალა“,- განაცხადა ბობოხიძემ.
ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 პროპორციული სიით შესული დეპუტატით დაკომპლექტდება. იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











