„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა გუშინ, ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებს.
ნადირაშვილის განცხადებით, ხელისუფლება კრიმინალს ვერ მართავს.
„მინდა გამოვთქვა შეშფოთება „ევროპული საქართველოს“ სახელით იმ გაუგებრობაზე, იმ ქაოსზე, რომელიც ჩვენ გვქონდა გუშინ და მთელი წუხანდელი ღამის განმავლობაში ახალქალაქში. ამას ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზარალდა ძალიან ბევრი მოქალაქე. ჩვენ გვქონდა სურათი, როდესაც ახალქალაქში ათეულობით ადამიანი, ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ესროდა, უპირისპირდებოდა.
ეს კონფლიქტი ქალაქის ცენტრიდან გადავიდა საავადმყოფოსთან, სადაც 15 მეტრში არის უშიშროების მთავარი სამმართველო და აქ ათეულობით ადამიანი ისევ ანგარიშს უსწორებდა ერთმანეთს. ჩვენ გვქონდა ვითარება, როდესაც გადაწვეს სახლები, სასტუმროები, გვქონდა ვითარება, როდესაც სახელმწიფომ ვერ შეაჩერა ეს კონფლიქტი, ვერ დადგა თავის დონეზე და ვერ აღკვეთა ის არეულობა, რომელიც გრძელდებოდა მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში და განვლილი ღამის განმავლობაში.
ეს ნიშნავს, რომ ახალქალაქის სურათი არის გაგრძელება მთელი იმ ვითარების, რომელიც გვაქვს საქართველოში, როდესაც სახელმწიფოს, მთლიანად ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა. როდესაც კრიმინალები გრძნობენ, რომ თვითონ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მმართველი და ეს ვითარება შექმნა ბიძინა ივანიშვილმა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
გუშინ, ახალქალაქში დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილის ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში წვავდნენ სახლებსა და სასტუმროებს.











