გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, Covid-19-ის პანდემიის პირობებში ქალებისთვის საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი კიდევ უფრო გაიზარდა.
კვლევის თანახმად, კარანტინის დროს ქალების შემთხვევაში მთავარი საქმიანობების ჩამონათვალი ასეთია: საჭმლის მომზადება, დალაგება, სახლის საქმეების მართვა, ბავშვებზე ზრუნვა და ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობა. კაცების შემთხვევაში კი მთავარ საქმიანობებს სახლის საქმეების მართვა, საყიდლებზე სიარული, დასვენება, შინაური ცხოველების მოვლა და ბავშვებთან თამაში წარმოადგენდა.

გამოკითხული ქალების 61% ამბობს, რომ ისინი ბავშვებზე ზრუნვას მეტ დროს უთმობენ, 41%-ს დალაგებაზე დახარჯული დრო გაეზარდა, 31%-ს კი – საჭმლის კეთებაზე.
კვლევის სატელეფონო გამოკითხვის კომპონენტმა მთელი საქართველოს მასშტაბით 1 069 ადამიანი გამოიკითხა. მათ შორის, 572 – ქალი და 497 – კაცი. სრული ანგარიში ხელმისაწვდომი ივნისის ბოლოსთვის იქნება.











