ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
როგორც ჯანმო იუწყება, 16 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 060 891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 67 221 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 60 102 811 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 41 551 150 და დაიღუპა 1 414 680 ადამიანი.
ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 17.1 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში კოვიდ 19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი ჰყავთ აშშ-ს, ინდოეთს, ბრაზილიას, საფრანგეთსა და რუსეთს.











