გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე, რომელიც პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ წევრია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთვება.
ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გედევან ფოფხაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ნიკოლაძე მისი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნება.
„მირიანი რაღაც ფორმით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ის იმ საარჩევნო შტაბის უფროსი იქნება, სადაც მე ვიყრი კენჭს, რადგან ჩვენ მეგობრები ვართ. რაც შეება არჩევნებში მის მონაწილეობას, ამაზე თავიდანვე, როცა ის პოლიტსაბჭოს წევრი გახდა, გვქონდა საუბარი, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ არსებობს. იქნება თუ ის კანდიდატი, ამ საკითხთან დაკავშირებით, მიდის პოლიტსაბჭოში კონსულტაციები. როცა გუნდი შეიქმნა, მას ვთავაზობდი, რომ კანდიდატი ყოფილიყო, მაგრამ ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა გარკვეულწილად გეგმები შეცვალა“,- განაცხადა ფოფხაძემ.
ამასთან, როგორც ფოფხაძემ განაცხადა, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, თუმცა თბილისის რომელ ოლქში იყრის კენჭს, აღარ აკონკრეტებს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო იღებს. სანამ პოლიტსაბჭო გადაწვეტილებას არ მიიღებს, ვერაფერს მოგეხსენებათ“,- განაცხადა ფოფხაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.
ასევე, ნახეთ – რას ამბობს მირიან ნიკოლაძე არჩევნებში მონაწილეობაზე – რა მემაჟორიტარება?! არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ – მირიან ნიკოლაძე.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











