გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიებს 19 იანვრიდან ადგილზე მუშაობის გაგრძელების უფლება ჩამოერთვათ. სამუშაოებს დღეიდან „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ და „იკორთა 2007“-ს ნაცვლად კომპანია „ბაგინეთი +“ შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული კომპანიები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თითოეული 12 000 ლარით დაჯარიმდნენ.
„სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასულ წელს გაცემული გაფრთხილების მიუხედავად შემსრულებელმა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს სანებართვო პირობების გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება, რაც მთელ რიგ კონსტრუქციულ ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციითვე, ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარე, 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა. დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები გუშინ, 18 იანვრის საღამოს დაიწყო, დასრულება კი დღეს იგეგმება.
სააგენტოს ცნობით, სახურავის გამაგრების პარალელურად, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვების ყველა არეალი.
აღდგენითი სამუშაოების წარმართვისთვის საჭირო ფინანსების ანაზღაურება კი კომპანიებს “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ და „იკორთა 2007„-ს დაეიკისრებათ.










