დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია.
როგორც ბაღათურიამ განაცხადა, ჯერ უცნობია, რა შეკითხვებს დაუსვამენ, თუმცა, მისი თქმით, აზერბაიჯანთან საზღვრების შეთანხმება რომ უკანონოდ მოხდა, მისთვის ცნობილი წლების წინ იყო და სწორედ ამიტომ 2012 წელს პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვდა პარლამენტში.
ბაღათურია პროკურატურაში ამ საქმეზე პირველად იკითხება. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატებთან ერთად მივიდა.
მისი თქმით, როდესაც 2012 წელს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოულოდნელად გადმოლახეს საზღვარი და დადგნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და საშოპინგოდ იტალიაში წავიდა.
„პრეზიდენტი და მისი გუნდი კი მიმტკიცებდა, რომ ეს ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორია იყო. ეს განაცხადა პრეზიდენტმა ჩემს ბრალდებებზე. ასევე იგივე პოზიცია ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრს. ყველას ჰქონდა ერთი და იგივე პოზიცია, მაგალითად, ჩემს კოლეგა დარჩიაშვილსაც“, – განაცხადა ბაღათურიამ.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.











