ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარის, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერის გია გაჩეჩილაძის პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს და “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში აღარ შევა.
როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, გაჩეჩილაძე პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება, ხოლო რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, „მწვანეთა პარტია“ მათ რამდენიმე დღეში წარადგენს.
„ჩემი პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას ჰყავს თავისი პოლიტიკური კომიტეტი. სიის გარკვეული ბირთვი, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური კომიტეტით დაკომპლექტებული, ეს ხალხი უკვე ათეული წლებია იბრძვის ჩვენი იდეოლოგიის გასატარებლად.
ჩვენ ზეგ გვექნება ყველა ოლქში თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა, შემდეგ დანარჩენ კანდიდატებს რეგიონებში ეტაკობრივად წარვადგენთ. პირადად კენჭს ვიყრი ვაკის მაჟორიტარად, რაც ქართული ტელევიზიების გარდა, ყველამ დაინახა.
მე 58 წლიდან ვაკეში ვცხოვრობ, იქ დავიბადე და გავზარდე, იქ არის მთელი ჩემი ოჯახი და სამეგობრო. პარტიის ლიდერი ვარ და პარალელურად, რა თქმა უნდა, სიის პირველი ნომერიც ვიქნები. პირდაპირ მინდა გითხრათ, ვიღაცები, რომლებსაც არჩევნებში ორი კაცის გაყვანის შანსი აქვს, ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გავხდეო, ეს არის სუფთა თაღლითობა.
ვფიქრობ, რომ ვაკეში მეორე ტური იქნება. „ქართული ოცნების“ კანდიდატს არავინ იცნობს. ელენე ხოშტარია დისკრედიტირებული პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელია და ერთი სუფთა, ჯანმრთელი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი მე ვარ“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
კითხვაზე, რატომ აღარ ითანამშრომლებს „მწვანეთა პარტია“ „ქართულ ოცნებასთან“ გაჩეჩილაძე გვპასუხობს:
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებელად ვიყაროთ კენჭი. როგორც ხედავთ, “ქართულ ოცნებას“ არავისთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს, მარტო აპირებენ არსებობას“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











