“დიდი ალბათობით, უკანონო ფორმით, მიყურადების ფორმით, იცოდნენ ამის შესახებ და მახეს უგებდნენ ოპოზიციას, თავისი მოკლე ჭკუით. ჩვენ უნდა დავთანხმებულიყავით, რომ PVT-ია საზომი და მოდი ჩავუჯდეთ ოქმების დაჯამებას და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, და იქ გაგვჭედავდა თავისი ჭკუით”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ISFED-ის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნებას.
ბოკერიას თქმით, “ქართული ოცნებას” მოლაპარაკებების პროცესზე ჰქონდა შემოთავაზება, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარების საკითხი ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით გადაეწყვიტათ.
“ბატონმა კობახიძემ საჯაროდ ბრძანა, ამიტომ ამ შემთხვევაში არანაირი საიდუმლოს გაცემას არ ვახდენ, იგივე გზავნილი ჰქონდა მოლაპარაკებებზეც, რომ აი მოდი ჩავუჯდეთ ISFED-ის პარალელურ დათვლას და თუ დადასტურდა იქ, რომ ემთხვევა შედეგი, მაშინ თქვენ აღიარეთ არჩევნები, თუ არ დადასტურდა, მაშინ ჩავატარებთ ახალ არჩევნებსო”, – განაცხადა ბოკერიამ “ფორმულას” ეთერში.











