„ეროვნულ – ქრისტიანული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ანდრიაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ანდრიაძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ანდრიაძემ აღნიშნა, ის საკუთარ კანდიდატურას მთაწმინდის, ან საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში დააყენებს.
გიორგი ანდრიაძე: საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ. ჩემი კონცეფცია წინა არჩევნებზეც იყო და ახლაც არის – არა ნაც-ქოცებს. ვინც ამ მოწოდების ქვეშ გაერთიანდება, მასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ. არსებობს ძალიან ფართო სპექტრი პატარა პარტიებისა, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვნახოთ, რამდენად შევთანხმდებით.
ვისთვისაც მიუღებელია ეს ორი რეჟიმი, რამაც დაღუპა საქართველო, გააღატაღა და დაღუპა ქართველი ხალხი, ის ძალა იქნება ჩემთვის მისაღები. რაც უფრო დიდი ალიანსი იქნება, მით უფრო რეალური იქნება ჩვენი გამარჯვება.
ჩვენ ვართ „ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობა“, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა რელიგიასთან, განსაკუთრებით – მუსულმანებთან, რადგან მუსულმანური ქართველობა და არა მარტო ქართველობა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია.
– ვის განიხილავთ არჩევნებში პოლიტიკურ თანამოაზრედ?
– „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ქართულ ოცნებასთან ვინც ასოცირდება, კატეგორიულად გამორიცხულია, რომ ჩემი თანამოაზრეები იყვნენ. ჩემი მთავარი მოწოდება არის ის, რომ იქნებ შევთანხმდეთ მაჟორიტარულ ოლქებში მაინც ერთიან კანდიდატებზე.
– აპირებთ თუ არა თავად მაჟორიტარობას?
– მაჟორიტარობასაც – აუცილებლად. პარტიულ სიას რაც შეეხება, თუ ალიანსი ყველგან ერთად შევქმენით, თუ ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ თავის თავში ძალა მონახა, მაშინც ჩვენ ამას შევქმნით.
– რომელ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დააყენებთ კანდიდატურას?
– თბილისში ორი უბანი მაქვს, ორივე მშობლიური – ეს არის საბურთალო, ან მთაწმინდა.
მე მინდა ეს ოლქები შევათანხმებ ჩემს პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად. მინდა ძალიან დიდი ალიანსის გაკეთება. თუ დიდი ალიანსი არ გაკეთდება, ის მაინც გავაკეთოთ, რომ ამ ოლქებში ერთმანეთს მაინც არ დავუპირისპირდეთ.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











