გიორგი გახარია არავისთან შექმნის ალიანსს, ის შეეცდება რომ მაქსიმალურად შეიქმნას ისეთი ბაზა, ისეთი ხალხი შემოიკრიბოს, რომ პოზიციონირებდეს ანგარიშგასაწევი, ცალკე პოლიტიკური ძალა, – ასე აფასებს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ექს-პრემირ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
„ნებისმიერ ალიანსში, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან გიორგი გახარიას ეფექტურობა დაიკარგება. რაც შეეხება მის მომავალს, ეს გახარიას მუშაობასთანაა დაკავშირებული. როგორ შეძლებს, რომ საზოგადოებისთვის იყოს მისაღები, როგორ მოახერხებს სწორი გზავნილების გაშვებას, რამდენად მოახერხებს სერიოზული კონტიგენტის შეკრებას თავის გარშემო, ამაზეა დამოკიდებული მისი მომავალი“, – განაცხადა არეშიძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, გიორგი გახარია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძესთან ვიხილოთ ალიანსში, არეშიძე არ გამორიცხავს, თუმცა, ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
„ეჭვი მეპარება გიორგი ვაშაძესთან ერთად ვიხილოთ, რადგან გახარიასთვის არაა საჭიროება, რომ ვინმესთან ერთად იყოს, მით უმეტეს, ოპოზიციური სპექტრის რომელიმე სუსტ წარმომადგენელთან. ვაშაძე არ არის ისეთი პარტიის ლიდერი, რომელსაც პოლიტიკური ამინდის შექმნა შეუძლია.
თავად უფრო მეტი პოლიტიკური „ბაგაჟი“ აქვს ვიდრე ვაშაძეს. არჩევნებზეც ჩანდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. გახარიას ფაქტორმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მმართველი გუნდის წარმატებაში, განსაკუთრებით, მის მშობლიურ სამეგრელოში. ვაშაძეს თუ მოუნდა მის პარტიაში შესვლა, რა თქმა უნდა მიიღებს, მაგრამ ალიანსის შექმნა ნაკლებ სავარაუდოა“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ გიორგი გახარიამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას.
გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი ვაშაძის პრესამსახურში არ ადასტურებენ.











