გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ახალგაზრდა ფეხბურთელის საფლავზე შეიკრიბნენ.
ერთი წლის წინ, 2020 წლის 18 ივნისის ღამით, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა.
19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
სასამართლო სამედიცინო დასკვნების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის 16 სახის დაზიანება, სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.
2021 წლის 9 მარტს, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ სცნო.
არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ორ არასრულწლოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ. მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა.











