„ორივე მხარემ – ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნებია, თუმცა დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა ჩვენი პოზიციები.“ – ამის შესახებ „სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, 14 ნოემბერს ოპოზიციის დაანონსებული აქცია ძალაშია.
„ერთი, რაზეც შევთანხმდით ისაა, რომ აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა. არ ვიცით, კონკრეტულად როდის, თუმცა ოპოზიციის პოზიცია არის ერთი, დავაფიქსირეთ ის, რასაც საჯაროდ ვამბობდით, ეს არის ახალი არჩევნები, საარჩევნო სისტემის სრული ცვლილება, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი, ბოიკოტი, არჩევნების გაგრძელება. შაბათს, 15:00 საათზე, აქცია გვაქვს, ეს ძალაშია და პარალელურად ველოდებით შემდგომი შეხვედრის თარიღს.
კომპრომისზე საუბარი ნაადრევია. ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ, გავცვალეთ პოზიციები, მათ შორის მტკიცებულებები. ველოდებით გარკვეული პოზიციების ცვლილებას ხელისუფლების მხრიდან.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.










