ცნობილი გახდა იმ ვირუსოლოგიური კვლევის შედეგი, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა გორში ჩაატარეს. ამის მიზეზი კი 100-მდე მოზარდის ავად გახდომა გახდა.
აღნიშნულის შესახებ „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ განაცხადა:
„ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც ძირითადად, გორში, კომბინატის დასახლებას უკავშირდებოდა, დასრულდა. ასევე, ცნობილი გახდა იმ ვირუსოლოგიური კვლევის შედეგი, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს.
კვლევის შედეგების თანახმად, ეს გახლდათ ნოროვირუსი – ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად, დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება“, – განმარტა ლაზარაძემ.
შეგახსენებთ, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, გორში, სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ 1-დან 16 წლამდე ასაკის 100-ზე მეტმა მოზარდმა მიმართა.
კლინიკაში გასტროინტესტინალური დარღვევებით მოთავსებული პაციენტების ნაწილს სტაციონარული მკურნალობა უტარდებოდა, ნაწილს კი – გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია მომსახურება.











