გორის მუნიციპალიტეტში პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იგი მეუღლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს – 1983 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11-პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











