გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის და გორის მე-4 საჯარო სკოლაში კორონავირუსი პედაგოგებს დაუდასტურდათ.
მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, პედაგოგს შემხებლობა მხოლოდ კოლეგებთან ჰქონდა.
,,ჩვენმა სკოლამ სასწავლო პროცესი გვიან, მიმდინარე კვირის ორშაბათს დაიწყო, რადგან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მანამდე, პარასკევსა და შაბათს შენობა დავასუფთავეთ. სკოლაში მხოლოდ პედაგოგები ვიყავით. პედაგოგი ორშაბათს არ გამოცხადდა. მოვიკითხეთ და გვითხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. მომდევნო დღეს გადაწყვიტა ტესტის აღება, თუმცა ფიზიკურად ვერ მოხერხდა. ამიტომ, ოთხშაბათს ჩააბარა ტესტი და გუშინ უკვე დადებითი პასუხი მოვიდა. დღეიდან კი, მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავედით 3 ნოემბრამდე.” – ამბობს სკოლის დირექტორი.
რაც შეეხება ბეთლების სკოლას, აქ სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. სკოლის დირექტორის თქმით, ინფიცირებული მასწავლებელი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარიდან დადიოდა:
,,სკოლაში ბოლოს იყო გასული კვირის პარასკევს, მიმდინარე კვირას არ გამოცხადებულა. მიუხედავად ამისა, სავარაუდო კონტაქტები დავადგინეთ. ამ კვირის განმავლობაში, ჩვენს სკოლაში სხვა რაიმე შემთხვევა, მოსწავლეებს შორის მაღალი სიცხე და მსგავსი ფაქტი არ გამოვლენილა,” – გვითხრა სკოლის დირექტორმა.
ავტორი: თათია გოლოშვილი











