გრიგოლ ვაშაძის ყველა არგუმენტი ჩემთვის გასაგები, ლოგიკური და კანონზომიერია, – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს.
„ვფიქრობ, რომ მისი არგუმენტები აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია. პრინციპში, მის არგუმენტებს მე გავიზიარებდი. ასევე, მის მოტივაციას, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი. გრიგოლ ვაშაძის ყველა არგუმენტი ყველა ასპექტში ჩემთვის გასაგები, ლოგიკური და კანონზომიერია – დიპლომატებზე იქნება ეს თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, აქ ბევრი სალაპარაკო მე არ მაქვს“, – ამბობს ხუხაშვილი.
კითხვაზე, ვინ მოიაზრება იდიოზურ ფიგურებში, ხუხაშვილი პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ „ადამიანმა თავად უნდა თქვას, რას გულისხმობს“.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და ამის მიზეზები განმარტა.
ვაშაძის გადაწყვეტილებას უკვე ყოფილი თანაგუდელები ეხმიანებიან. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ვაშაზესთან ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.
შეცდომა იყავი თავიდან ბოლომდე, – ასე მიმართავს „სამართალდამცველთა რეფორმების“ ცენტრის დამფუძნებელი, ზვიად კუპრავა გრიგოლ ვაშაძეს მას შემდეგ, რაც ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლა გადაწყვიტა.











