პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა ვალერი გელბახიანმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის გუნდი დატოვა.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ და ლელა ჯეჯელავამ ოქრუაშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც ყოფილმა მაღალჩინოსანმა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ შექმნა გადაწყვიტა.
ვალერი გელბახიანი: მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს დამფუძნებლები ვიყავით: მე, გუბაზ სანიკიძე, ლელა ჯეჯელავა, კოტე კემულარია და ირაკლი ოქრუაშვილი. მოძრაობას მეტი დამფუძნებელი არ ჰყოლია.
შემდეგ მოვიდნენ მხარდამჭერები და თქვეს, რომ მოძრაობა პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს. ამ მომენტიდან მე, ქალბატონ ჯეჯელავასა და გუბაზ სანიკიძეს პარტიის დაფუძნებაში, მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა არ მიგვიღია.
– რატომ აღარ მიიღეთ მონაწილეობა პარტიის დაფუძნებაში?
-ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მოლაპარაკების საგანი სხვა იყო და პროცესი სხვაგვარად წავიდა. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ იყო ჩვენი შეთანხმების საგანი და ამოცანა.
– რა იყო თავდაპირველი შეთანხმების საგანი?
– შიდა სამზარეულო იყო – ამის გარეთ გამოტანა არ მინდა. გარკვეულ პრინციპებზე არსებობდა შეთანხმება. რადგან ჩვენ წამოვედით, ესე იგი, შეთანხმება ვიღაცამ დაარღვია ხომ?!
– შეთანხმება ირაკლი ოქრუაშვილმა დაარღვია?
– ამ თემის გამოტანა არ მინდა. რადგან ხუთიდან სამი წამოვედით, ესე იგი რაღაც არ მოგვეწონა.
– იქნებ მეტი სიცხადე შეიტანოთ თქვენს სიტყვებში – რა არ მოგეწონათ კონკრეტულად?
– ეს არის შიდა მოლაპარაკებებზე შეთანხმებების პროცესი, ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შემდეგ აღარ შესრულდა – სხვა მიმართულებით გადაუხვია.
ჩვენ არ ვაპირებდით პარტიის შექმნას, ეს უნდა ყოფილიყო მოძრაობა. როგორც კი იდეა წამოვიდა, რომ პარტია შეიქმნა, მე, გუბაზ სანიკიძემ და ქალბატონმა ჯეჯელავამ ვუთხარით, რომ ამაზე თანახმა არა ვართ, ამიტომ ეს პარტია უჩვენოდ გააკეთეს.
– რატომ არ გქონდათ პარტიის ჩამოყალიბების სურვილი?
– პარტიულობა არ გვინდოდა და არც ახლა მინდა. არ მინდა, რომ რომელიმე პარტიის წევრი ვიყო. მინდა პოლიტიკაში აქტიური როლი მქონდეს, მაგრამ არა რომელიმე პარტიის სახით.
პარტიულობა იწვევს ისეთი წესის შემოღებას, რომლის მიხედვით, პარტიის ლიდერი ხდება კანონმდებელი, მეფეც და უზურპატორიც , არ მინდა ვიყო ასეთ პარტიაში. პარტიაში რომ შევიდე, მე უნდა მყავდეს უფროსი, არ მჭირდება უფროსი.
– თქვენი შეფასებით, იშლება თუ არა პარტია „გამარჯვებული საქართველო“?
– არ ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ შესაძლოა, უფრო მაღალი ინტერესი გქონდეთ, ვიდრე – მე. არც ვკითხულობ, რა ხდება პარტიაში და არც მაინტერესებს.
– ბატონი კოტე კემულარია ამ დრომდე პარტია „გამარჯვებულ საქართველოს“ წევრია?
– არ ვიცი. ეკრანზე აქტიურობდა და ვხედავდი, ახლა ისევ არ ჩანს. სად დაიკარგა, არ ვიცი. სატელეფონო კონტაქტი არავისთან მაქვს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











