გურიაში კორონავირუსის კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა. ორი ინფიცირებული ჩოხატაურის მაცხოვრებელია, ორი კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის.
ცნობილია ოზურგეთელი ინფიცირებულების წყარო, ის ბათუმის ქორწილის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ჩოხატაურის ორი შემთხვევიდან წყარო დაუდგენელია.
როგორც „პრაიმტაიმს“ დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ განუცხადა, სულ ოცი წუთია რაც პასუხები მოვიდა და ჯერჯერობით კონტაქტების კვლევა დაწყებული არ არის.
„ამ საღამოს დაგვემატა 4 შემთხვევა, ორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან, ორიც ჩოხატაურიდან. წყარო ცნობილია ოზურგეთის ინფიცირებულების, ის ბათუმის ქორწილის კლასტერს განეკუთვნება, ხოლო ჩოხატაურის ორი შემთხვევიდან წყარო ორივეზე დაუდგენელია.
ხვალ დაიწყება მოძიება წყაროსიც და კონტაქტებისაც. ამ დროისთვის დაახლოებით 80 ტესტის პასუხს ველოდებით გურიის რეგიონისას“- განაცხადა მჟავიამ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში ეს უკვე კორონავირუსის 23 შემთხვევაა
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











