გურჯაანში, კორონავირუსით მცირეწლოვანი ბავშვები დაინფიცირდნენ.
კოვიდ-19, ორ წლამდე ასაკის ორ ბავშვს დაუდგინდა, რომლებიც სოფელ კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში დაფიქსირებულ შემთხვევებთან კავშირში არიან.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა გოგაშვილის განმარტებით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, სოფელში ეპიდემიოლოგების შემოვლა დაიწყება.
„შექმნილი ვითარება ითხოვს ყურადღებას, ამიტომ სოფელ კაჭრეთში, ხვალიდან ეპიდემიოლოგები შემოვლას დაიწყებენ და ყველაფერს ადგილზე შეისწავლიან. თუ საჭირო იქნება, ეპიდემიოლოგების დიდ ჯგუფსაც შევქმნით და ისე გამოვიკვლევთ შექმნილ ვითარებას“,- განაცხადა გოგაშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“.
შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში, კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც კოლეჯი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადაიყვანეს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, კახეთის რეგიონში, ყველაზე მეტი შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











