მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იქნება მათი პრემიერობის კანდიდატი – „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას თავისი პრემიერობის კანდიდატი უნდა ჰყავდეს.
„საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის შემდგომი პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება, გადაწყვეტს ხალხი იმ კონფიგურაციის შედეგად, რომელიც დაჯდება პარლამენტში არჩევნების შემდეგ.
წინასწარ საუბარი, რომ ვიღაცას, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი არ მოწონს, არის კონფლიქტის მცდელობა და უშინაარსო დებატი. ისეთ თემებზე, რომლებსაც ამ წუთში შინაარსი და აზრი არ გააჩნიათ, ბუნებრივია, კინკლაობა აღიქმება საზოგადოების მიერ რაღაც სკამების გადანაწილებად და მგონია, რომ არის სრულიად არაპროდიუქტიული, არაფრის მომტანი“- განაცხადა კაპანაძემ.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, სერგი კაპანაძის განმარტებით, კონკრეტულ პირებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა საარჩევნო კამპანიის დაწყების დროს სავარაუდო კაბინეტის შემადგენლობა ეყოლებათ.
„კონკრეტულ კანდიდატებს რაც შეეხება, „ევროპული საქართველოდან“, ეს იქნება გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, გიგი უგულვა ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, ამასთან დაკაშირებით „ევროპულ საქართველოს“ მიღებული გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, როდესაც კამპანიას დავიწყებთ, გვეყოლება ჩვენი კანდიდატიც, ჩვენი სავარაუდო კაბინეტის შემადგენლობაც“- აღნიშნა სერგი კაპანაძემ.











