არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას” წევრებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ბალასტი მიიტანეს და მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც „ალტერნატივას” ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, ამ აქცია-პერფორმანსით ისინი მდინარე აჭარისწყალსა და ჭოროხზე ინერტული მასალების უკანონო მოპოვებას აპროტესტებენ.
მისივე განცხადებით, დღეს აჭარა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე იმყოფება და ამას ხელს უწყობს უშუალოდ აჭარის ეკონომიკის სამინისტრო და მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე. ასევე გიორგი გახარია.
„ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ. მოდის გარემოს დაცვის ინსპექცია, აჯარიმებს კონკრეტულ კომპანიებს, თუმცა, როგორ კი მიდიან, მაინც ხდება მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოება.
მოვუწოდებთ მათ, რომ შეეშვან ჩვენს ბუნებას, ეს მაინც დაგვიტოვონ. სიმბოლურად მოვიტანეთ ინერტული მასალა, რომელიც მოვიპოვეთ იგივე ტერიტორიაზე. იქ აღარ დარჩა უკვე ბალასტი, ესეც გაყიდონ და მოგება ნახონ”- აცხადებს ხათუნა ბერიძე.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
აქციის მონაწილეებს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.
ავტორი:ნაირა ქობულაძე











