„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს.
ინაშვილს ოლქი არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ ეს თბილისი არ იქნება.
ვაპირებ მაჟორიტარად კანდიდატურის დაყენებას. ეს თბილისი არ იქნება, შეიძლება იყოს ბორჯომი, შეიძლება სხვა მხარეც იყოს. მემგონი ყველგან მიმიღებენ, სადაც არ უნდა დავაყენო კანდიდატურა, ნებისმიერ მხარეში. მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ“, – განმარტავს ინაშვილი.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მისი გუნდი არჩევნებში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
„მე იმიტომ კი არ ვაყენებ კანდიდატურას, რომ ნახევრად მოვიგო, ან უბრალოდ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. მე ვაყენებ კანდიდატურას მოგებისთვის და გამარჯვებისთვის. ვნახოთ ერთი საგარეჯოს თუ გაბედავენ და მესამედ გაიმეორებენ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ წინ რთული პროცესი იქნება, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ემზადება გამარჯვებისთვის!“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.











