პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებით და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.
საბჭომ კომიტეტს საექსპერტო დახმარება უნდა გაუწიოს.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საბჭოს განსახილველი თემები მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასთან:
“პანდემიის მიმდინარეობის საკითხებზე იქნება საუბარი, ყველა მის ასპექტზე: მიმდინარე სიტუაციაზე, ეპიდემიოლოგიაზე, ვაქცინების პერსპექტივაზე და ასე შემდგომ და ჩვენს აზრს მოვახსენებთ ჯანდაცვის კომიტეტს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა,” – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.










