ჯანდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით თამარ გაბუნია პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც გაბუნია ამბობს, პარტიული საქმიანობის მხრივ ეკატერინე ტიკარაძეს ექნება ბევრი შესაძლებლობა, რომ ჯანდაცვასა თუ სოციალურ სფეროში დაწყებული რეფორმები განავრცოს.
ამასთან, გაბუნია ყოფილი მინისტრის გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ტიკარაძემ თავად უკვე ყველაფერი განმარტა.
“მიზეზებთან დაკავშირებით, გუშინ ქალბატონმა მინისტრმა თავად არ ისაუბრა. მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მის პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.
ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პოლიტიკა არის ძალიან კომპლექსური სფერო, რომელიც ითვალისწინებს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე მთელ რიგ პოლიტიკურ მხარდაჭერას, ამდენად მე ვფიქრობ, რომ პარტიის არენიდან ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძისთვის არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ მოახერხოს რეფორმების განვრცობა,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკურ საქმიანობას და ჯანდაცვის რეფორმებზე მუშაობას ამჯერად, პარტია “ქართულ ოცნებაში” გააგრძელებს.











