„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში“ აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდება დაბალ და საშუალოშემოსავლიან სახელმწიფოებში შესაძლოა, თებერვლიდან დაიწყოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, ვაქცინების დისტრიბუცია „კოვაქსის“ინიციტივის ფარგლებში დაიწყება, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
„დღეს მე მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ „კოვაქსის“ ინიციატივის ფარგლებში, ხელი მოვაწერეთ „ფაიზერ“-„ბიოენტექთან“ ხელშეკრულებას, ვაქცინის 40 მილიონი დოზის მიღებასთან დაკავშირებით. დამატებით 150 მილიონ დოზას ველოდებით კომპანია „ასტრაზენეკასგან“. ამ ვაქცინის დარიგება დაიწყება ამ წლის პირველ კვარტალში. ეს ნიშნავს, რომ „კოვაქსის“ ფარგლებში ვაქცინების მიწოდება შეიძლება, თებერვალში დაიწყოს“, – განაცხადა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა.











