აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის ყურებას არ აპირებს.
„სამუშაო მაქვს და ეს სამუშაო ხალხის გადარჩენას ეხება. უკვე 450 ათასი ადამიანი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შეიძლება დავკარგოთ, თუ მტკიცედ არ ვიმოქმედებთ. უამრავი ოჯახი იტანჯება. ეს არის ჩემი სამუშაო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის თქმით, იმპიჩმენტის პროცესი სენატის კომპეტენციას განეკუთვნება.
„სენატს თავისი სამუშაო აქვს. დარწმუნებული ვარ, კარგად მოიქცევიან. ეს ყველაფერია, რაც იმპიჩმენტზე მსურს განვაცხადო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.











