ჯო ბაიდენი 2008 წელს, აგვისტოს ომიც ცხელი დღეების შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა.
მან გაიზიარა მაკკეინის მიერ ომის პერიოდში წამოწყებული კამპანია – „დღეს ყველანი ქართველები ვართ”.
ბაიდენი პირველად საქართველოს 2008 წლის 17 აგვისტოს ეწვია. მაშინ, ის თბილისს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ბარაქ ობამას პირადი წარმომადგენლის სტატუსით ეწვია. სწორედ იმ დროს, სენატორი ბაიდენის გარდა, თბილისში ანგელა მერკელიც იმყოფებოდა.

17 აგვისტოს გამოსვლაში სენატორი ბაიდენი საუბრობდა საქართველოზე, როგორც უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაზე და მოითხოვდა ოკუპაციის დაუყონებლივ შეწყვეტას.
19 აგვისტოს სენატორმა ჯო ბაიდენმა კონგრესს საქართველოსთვის ერთი მლრდ დოლარის გამოყოფა სთხოვა.
საქართველოსთან ბაიდენის კავშირი ამ ვიზიტით არ დასრულებულა. ჯო ბაიდენი ჩვენს ქვეყანას მომდევნო წელს, 2009 წლის 22 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მაშინ, ის შშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ამ ვიზიტის ფარგლებში, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი კვლავაც გაგრძელდებოდა. მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესს მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს.
23 ივლისს ჯო ბაიდენმა ოფიციალური შეხვედრები გამართა. იგი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს და სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტში.
ქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი თბილისში ჩამოვიდა „მარტივი, პირდაპირი გზავნილით – ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, თქვენს გვერდით ვდგავართ უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსკენ მიმავალ გზაზე”.

პარლამენტში გამოსვლისას მან აშშ-ს პრეზიდენტისა და საკუთარი სახელით საქართველოს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა, ხაზი გაუსვა მისი ვიზიტის სიმბოლურობას და აღნიშნა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ბატონი ბაიდენის თქმით, ამერიკა ემიჯნება „გავლენის სფეროების” პოლიტიკასა და სცნობს სუვერენული დემოკრატიების უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიონ პოლიტიკური კურსი, პარტნიორები და ალიანსები.
ბაიდენმა მოუწოდა რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისაკენ; ასევე მხარი დაუჭირა საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფორმატის გაფართოებას, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული თანამშრომლობის გაღრმავებას. სამხედრო თანამშრომლობის შესახებ საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და წვრთნის კუთხით.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. „ჩვენ არ მოვახდენთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას და მოვუწოდებთ მსოფლიოს არ აღიარონ ისინი ,” – განაცხადა ბაიდენმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ალასანია და ლევან გაჩეჩილაძე, ხოლო საპარლამენტო ოპოზიციიდან გიორგი თარგამაძე შეხვდნენ.

შეხვედრაზე მათ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს პირადად დაუდასტურეს თავიანთი პროდასავლური ორიენტაცია, როგორც ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერის, ისე სრულფასოვანი დემოკრატიული რეფორმების ერთგულების კუთხით.
ჯო ბაიდენის სახელს უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეა…
„2009 წლის 24 ივლისს, აშშ-ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტის დროს საქართველოში, სააკაშვილის 2009 წლის 20 ოქტომბრის განკარგულებით მთავრობას დაევალა, დაეწყო პროექტი „ანაკლიის პორტი“, რომლის „ნათლია“ სწორედ ჯო ბაიდენი გახლდათ, რომელმაც თავის თავზე აიღო პორტის მშენებლობისათვის ამერიკული ინვესტიციების უზრუნველყოფა. სამაგიეროდ ბაიდენი იღებდა წილს კონსორციუმის მოგებიდან, ხოლო მისი შვილი – ჰანტერ ბაიდენი – დირექტორის თანამდებობას ამერიკულ-ქართულ კონსორციუმში, რომელიც ჯერ ააშენებდა, შემდეგ კი ექსპლუატაციას გაუწევდა პორტს.” – წერდა საქინფორმი.
ბაიდენი – ქართული ჯილდოს მფლობელი
მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ბაიდენი წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა, უთხრა ვიცე-პრეზიდენტს, რომ ის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი.












