ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლი, ჯონ ბოლტონი თავის გამოუქვეყნებელ წიგნში („ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“) წერს, რომ ტრამპმა ერთხელ იკითხა იყო თუ არა ფინეთი რუსეთის ნაწილი. ამის შესახებ Forbes-ი ბოლტონის მემუარებიდან ამონარიდზე დაყრდნობით წერს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დონალდ ტრამპმა მსგავსი სახის შეცდომა დაუშვა – მაგალითად ერთხელ მან ბელგიას „ლამაზი ქალაქი უწოდა“. ერთხელ კი ნეპალი შეცდომით ნიპლად მოიხსენია.
ბოლტონის წიგნში ასევე საუბარია იმაზე, რომ ტრამპმა ერთხელ იკითხა იყო თუ არა დიდი ბრიტანეთი ბირთვული სახელმწიფო.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებამდე მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
წიგნი 23 ივნისს უნდა გამოვიდეს.
ცნობისთვის, ჯონ ბოლტონის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ აღწერილია მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდი.
გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნი შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს“.
დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.











