„მინდა, დღეს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც სჯერა ქართული სახელმწიფოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის და გვერდში გვიდგას ამ საქმეში. მათ შეუძლიათ გვიგულონ საიმედო და ერთგულ პარტნიორად. წარმატებული საგარეო დღის წესრიგის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ ოკუპაცია რჩება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კახა კუჭავას თქმით, ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაიღო, ყველა ჩვენგანს ავალდებულებს, რომ არ დაივიწყონ თავგანწირული გმირები.
„განსაკუთრებულად მინდა მივულოცო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს საქართველოს ერთგულების ფიცი დადეს და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად ემსახურებით საქართველოს და ამაყად ატარებთ საქართველოს ჯარისკაცის საპატიო სახელს. ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია და თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავგანწირული ჩვენი გმირები. პატივს მივაგებ საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. სიმბოლურია, რომ სწორედ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ქართულ მიწას მივაბარებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდს, დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს. ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ საქართველოს ერთგულ შვილებს“, – განაცხადა კუჭავამ.











