„ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში არშემოსვლით არანაირი საფრთხე არ ექმნება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქრონიკის” ეთერში განაცხადა.
კუჭავა ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არსებული უხერხულობა უნდა გადალახოს და პარლამენტში შევიდეს.
„მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა და იმ უხერხულობას, რომელიც აქვთ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, გადალახავენ. თუმცა, მათი არშემოსვლით არანაირი საფრთხე არ ექმნება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, რადგან მიზანი უკვე მიღწეულია, პოლიტიკურმა დაძაბულობამ ნამდვილად დაიკლო. ჩვენ გადავდივართ იმ საკითხებზე მუშაობაზე, რომლებიც დღის წესრიგით დგას ამ დოკუმენტიდან გამომდინარე.
წინ გველოდება კომიტეტების გადანაწილება, ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში და ა.შ. კომპრომისზე ევროპაში ამბობენ, რომ ეს არის ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც ევროპაში დანერგილია და ეს სურთ იხილონ აქაც. თუ საკითხების შეჯერება ხერხდება, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა უკან დახევად არ უნდა ჩათვალოს ვინმემ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.











