პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი მექვაბიშვილს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აუდიტის სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და პარლამენტთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
„ხაზი გაესვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ეფექტურ მუშაობას და აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ მხრივ სხვა კომიტეტების გააქტიურება და ჩართულობა. მხარეებმა ისაუბრეს იმ რეფორმებზე, რომელიც ირაკლი მექვაბიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გატარდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და გენერალურმა აუდიტორმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები განიხილეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.











