„ვუერთდები თქვენს სამართლიან მადლობას Covid19-თან ბრძოლაში გაწეული სამსახურისთვის. კარგი იქნებოდა, თუ მაკოორდინირებელ საბჭოზეც გაამახვილებდით ყურადღებას, რომელმაც ამ ღონისძიებებს თავი მოუყარა და ეს პოტენციალი კარგად გამოიყენა“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლადო კახაძემ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელმაც პლენარულ სხდომაე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
დეპუტატი დაინტერესდა, ითცლება თუ არა ბავშვთა უფლებების დარღვევად რამდენიმე საკითხი.
„თქვენი ანგარიშის ნაწილია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლის ქვეპუნქტია არასრულწლოვანთა დაცვა მავნე ზეგავლენისგან. ითვლება თუ არა მავნე ზეგავლენად და, უფრო მეტიც, დანაშაულებრივ ზემოქმედებად არასრულწლოვანთა ჩართვა ფეიკ ნიუსებში, ტელეკომპანიების მიერ მათ სასარგებლოდ მომზადებულ გადაცემებსა და სიუჟეტებში? ითვლება თუ არა მავნე ზეგავლენად, არაპირდაპირი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების გამოყენების ეგიდის წინსწრებით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის პოპულარიზაციის მაპროვოცირებელი ტელევიზიების ქმედება? დარწმუნებული ვარ თქვენი საღი აზრი კარგად უნდა იყოს აღქმული მსმენელებისთვის“, – განაცხადა ლადო კახაძემ.










