ახალი კორონავირუსით კახეთში ორი ჩვილი დაინფიცირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ორივე მათგანი ერთ წლამდე ასაკისაა.
„26 ნოემბრის, 21 საათისათვის გამოვლენილი 169 ახალი შემთხვევიდან, ორი ერთ წლამდე ასაკის ჩვილია. მათი მკურნალობა რეგიონში ვერ მოხდება, სიმპტომის მიუხედავად. ისინი თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანას ექვემდებარებიან“,- განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.
სექტემბრიდან დღემდე, კოვიდ- 19-ით კახეთში ხუთასამდე ბავშვი დაინფიცირდა, რაც საერთო რაოდენობის 15-18%-ს შეადგენს.
დღევანდელი მოცემულობით, რეგიონში, 3148 კორონავირუსით ინფიცირებული პირია. აქედან ყველაზე მეტი- 903 შემთხვევა, კვლავ თელავში ფიქსირდება.
ამ ეტაპზე, კახეთში მკურნალობას გადის 1757 მოქალაქე, მათ შორის 1565 დატოვებულია ბინაზე, 32 იმყოფება კოვიდ სასტუმროში, 160 კი კოვიდ კლინიკაში.
რეგიონში გამოჯანმრთელდა 1368 და გარდაიცვალა 23 კოვიდინფიცირებული.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











