ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს. როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ჯერჯერობით, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდეს, თუმცა ეს ვითარება, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს.
„ჯერჯერობით, კარანტინის გამოცხადებაზე ლაპარაკი ზედმეტია. არსებული მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ განგაშის საფუძველს არ გვაძლევს. საერთოდ, კარანტინის გამოცხადებას ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება, რადგან ჩვენ ვნახეთ ეკონომიკის კუთხით, რა მძიმე შედეგები გამოიღო კარანტინის გამოცხადებამ. ამიტომ მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ისევ დადგეს დღის წესრიგში ეს საკითხი.
საქართველოში ვირუსის აღმავლობა და მერე ტალღა არ არის. ჩვენ მაინც სტაბილურად მივდივართ. ახლა ჩვენ მეორე ტალღაზე ვერ ვილაპარაკეთ, რადგან ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ნახტომები არ დაფიქსირებულა.
როდის გამწვავდება საქართველოში ვითარება, ვერავინ იტყვის. შესაძლოა, ვირუსის აღმავლობა ამ დღეებში, შემოდგომაზე ან ზამთარში დაიწყოს, ამიტომ სულ ფრთხილად, ყურადღებით უნდა ვიყოთ“,- განაცხადა ბუწაშვილმა.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 596-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 1 294 ადამიანი.










