„ჩვენ მაქსიმალურად მოქნილები ვართ. ჩვენს პოზიციას საით გადავხედოთ, რა მიმართულებით გადავხედოთ ვინმე ჭკუათმყოფელმა რომ გვითხრას კარგი იქნება. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს. ეს ისე უნდა მოხდეს, როგორც ხდება ყველა ცივილურ ქვეყანაში“, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ კარგად ვერ გავაგებინეთ ევროპელ მეგობრებს საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. ჩვენ მოქნილი პოზიცია გვაქვს და ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს და არ ვუბიძგებთ ხელისუფლებას იმისკენ, რომ გამოვიდეს, თავზე ნაცარი დაიყაროს და თქვას, რომ არჩევნები გააყალბა და ძალადობრივი გზით. ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ძალიან ცუდია, რომ ვინმემ ვერ გაიგო, რომ ეს არაა ჩვენი ახირება, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. გიორგი რურუა რომ არ ეწერა ძალიან სამწუხაროა, რადგან ის 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო“, – აღნიშნა ბარამიძემ.









