ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა აჭარის მთავრობის სახლთან „ნაცმოძრაობის“ წევრის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის მცდელობას. პოლიციამ მას შესვლის საშუალება არ მისცა.
როგორც ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურდა, რათა ციხისძირის მოსახლეობის პრობლემების შესახებ ესაუბრა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს და უთხრეს, რომ თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრაზე უარი განაცხადა.
„ქობულეთის საკრებულოს წევრს ბონდო თედორაძეს უნდოდა შესვლა თორნიკე რიჟვაძესთან, უნდა გაეგო, როდის მოაგვარებს სოფელ ციხისძირში წყლის პრობლემას, მაგრამ არ შეუშვეს, მე ვარ დეპუტატი და მაქვს უფლება შეუფერხებლად შევიდე მთავრობის შენობაში, მაგრამ როგორც ხედავთ პოლიცია მხოლოდ იმითაა დაკავებული ჩინოვნიკები ვირთხებივით შეაპაროს“, -ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აქციის მონაწილეები მთავრობის შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა მთავრობოს თავმჯდომარე შენობაში არ შეეშვათ.
ამ დროისთვის აჭარის ადმინისტრაციულ შენობასთან სიტუაცია განმუხტულია.
ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები შენობის პერიმეტრსა და ყველა შესასვლელს აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიცია 8 ნოემბრის შემდეგ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციებს მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











