ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის ხეობის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ სოფელ წაბლანას ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა. მათ შუახევის მუნიციპალიტეტის მეწყერული პრიცესების შედეგად დაზარალებული რამდენიმე სოფლის მოსახლეობაც შეუერთდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებამ უყურადღებოდ დატოვა და დანაპირები არ შეასრულა. მათივე თქმით, თუ ხელისუფლება მათ პირობებს არ შეასრულებს, ისინი საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.
„1989 წლის 19 აპრილს ხულოში სოფელ წაბლანაში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ოჯახის წევრები დავკარგეთ. დაზარალებულ 220 ოჯახს სახელმწიფომ სამი წლის წინ დაუსრულებელი ბინები გადმოგვცა. გვითხრეს რომ თეთრი კარკასი ჩაგვბარდებოდა. სამწუხაროდ, მშენებლობა გაჩერდა და არავინ არ აპირებს პირობის შესრულებას. ბინების რემონტის და მოწესრიგების საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია. ახლა სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ ბინების რემონტის თანხა აგვინაზღაუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ. ასეთ მდგომარეობაში 220 ოჯახია. გაგვირემონტონ ბინები, ესაა ჩვენი მოთხოვნა. გარდა ამისა სოფელში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. არ არის არც ბაღი და არც სკოლა. თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, პერმანენტულ აქციებს გავმართავთ ბათუმსა და ხულოში“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











