ხვალიდან თბილისში ე.წ ბასლაინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
„როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლაინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია მ/ს „გოცირიძე“, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.
აღსანიშნავია, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.











