ხვალიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის აღწერას დაიწყებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ოპოზიციის ლიდერის ინფორმაციით, თანაგუნდელებთან ერთად, ყველა დაზიანებულ სახლსა და ნაკვეთს აღწერს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი მთავრობა, დაზარალებული ოჯახებისათვის სრულ ფინანსურ კომპენსაციას გასცემს.
„ხელისუფლებამ დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ ისინი მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემას არ აპირებენ. ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ, ყველა ვენახსა და ნაკვეთში შევალთ და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ყველა ოჯახს მივცემთ ფინანსურ კომპენსაციას“, – განაცხადა ბოტკოველმა.
მანამდე, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც სტიქიის შედეგად დაზიანებული 200- ზე მეტი სახლის სახურავის სრული ან ნაწილობრივი გამოცვლა მოხდება.
გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილისა და კახეთის გუბერნატორის შეხვედრაზე მიიღეს, სადაც გაცხადდა, რომ მთავრობა, სტიქიით დაზარალებულებისათვის თანხას გამოყოფს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











