“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ბაქრაძე აცხადებს, რომ ხმა უკეთეს მომავალს და ცვლილებებს მისცა.
“მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. მე არჩევანი ცვლილებების სასარგებლოდ გავაკეთე. ესაა ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. აქტივობა მაღალია, ადამიანები ხმის მისაცემად მოდიან. გვჯერა, მოსახლეობა ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომ ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ. მჯერა, ხვალ გავიღვიძებთ იმ საქართველოში, სადაც გარდამტეხი ცვლილებების შედეგად უკეთეს მომავალს შევქმნით. ხედავთ, რომ დილიდან ძალიან ბევრი ადამიანია მოსული საარჩევნო უბანზე. ასეთი დიდი ხანია, სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება. მე, პირადად, ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს, რადგან საქართველოს სჭირდება ცვლილებები, სჭირდება წინსვლა და უკეთესობა. დარწმუნებულ ვარ, რომ უკვე ხვალიდან ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში. მთავარია, რომ ყველა ადამიანი მოვიდეს, მთავარია, ყველამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რაც იქნება დღის ბოლოს, ყველა ერთად შევხედავთ, თუმცა მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.









