სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეელი საჯარო მოხელის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელ კოლეგას, მუნ ჯე ინს მისწერა, რომ ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო.
ოფიციალური სეულის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი წერილში აღნიშნავს, რომ ის „ძალიან წუხს მუნ ჯე ინისა და სამხრეთ კორეელი ხალხის იმედის გაცრუების გამო“.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეელი მამაკაცი, რომელიც მეთევზეობის დეპარტამენტში მუშაობდა, საზღვართან ჩრდილოეთ კორეის ახლოს მდებარე საპატრულო გემიდან გაქრა, შემდეგ კი ის ჩრდილოეთის წყლებში იპოვეს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებმა მას ესროლეს, შემდეგ ნავთი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.











