ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – კვლევა ჩავატარეთ, კალაძე პირველ ადგილზეა რეიტინგში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, თბილისის მერს „ქართული ოცნების“ გუნდში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
„ჩვენ გვაქვს ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. რა თქმა უნდა, კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მან დატოვა პოლიტიკა. დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური და დღეს ჩართული პოლიტიკაში, ყველას სახელი და გვარი ვიკითხეთ. შემიძლია ერთი საიდუმლო გაგანდოთ, რომ დღეს კახი კალაძე არის პირველ ადგილზე რეიტინგით. ეს არის არსებული მოცემულობა. ის არის გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „ქართული ოცნების“ გუნდში“,- განაცხადა კობახიძემ.











